Gardex.ge-ს ნაძვის ხეების მრავალფეროვანი არჩევანი და მსოფლიოს საინტერესო საახალწლო ტრადიციები

ახალი წელი რომ ყველაზე საყვარელი დღესასწაულია ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობისთვის, ალბათ, სადავო არ არის. ყოველ შემთხვევაში, თუკი ზოგიერთი უფროსი მაინც იტყვის ხოლმე: „სულაც არ მაქვს ახალი წლის თავიო“, ბავშვებისგან მსგავსს ვერაფერს მოისმენთ – ნებისმიერ პატარას უყვარს ახალი წელი, ნაძვის ხე, თოვლის ბაბუა (გნებავთ, თოვლის პაპა), სიურპრიზები, საჩუქრები…

Gardex.ge-ზე სწორედ ყველასთვის საყვარელი დღესასწაულის ტრადიციებზე მოგიყვებით და თან ჩვენი მრავალფეროვანი ნაძვის ხეების შესახებაც ვისაუბრებთ- საინტერესოსა და სასარგებლოს ასე მარტივად გავაერთიანებთ. საინტერესო – მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საახალწლო ტრადიციაა, ხოლო სასარგებლო – ინფორმაცია ახალი წლის მთავარ მშვენებაზე, რომელსაც ჩვენთან შეიძენთ.

დიახ, დიახ, ნაძვისხე ვიგულისხმეთ…

მაშ, რაღას ვუცდით, ჩავსხდეთ თოვლის ბაბუის (თუ გირჩევნიათ, თოვლის პაპის) მარხილში და მოვიაროთ მთელი მსოფლიო.

  • სველი ახალი წელი ტაილანდში

ტაილანდელებს დღესასწაულები ძალიან უყვართ და თუკი აქვთ გართობა-გახალისების საშუალება, უარს არც არასოდეს ამბობენ. შესაძლოა, სწორედ ამიტომაც აღნიშნავენ ახალ წელს… სამჯერ! საუბარია ევროპულ, ჩინურ და ტაილანდურ ახალ წლებზე.

როგორც ვხედავთ, მხოლოდ ჩვენ არ გვქონია რამდენიმე ახალი წელი – აგერ, ბატონო, ტაილანდელები სამჯერ აღნიშნავენ და სულაც არ ბრაზობენ, რა ამბავია ეს ამდენი ახალი წელიო.

ტაილანდურ ახალ წელს სონგკრანი ჰქვია, რომელიც აპრილში, რამდენიმე დღის განმავლობაში აღინიშნება. საზეიმო დღეებში, ადგილობრივები ქუჩებში გადიან, რათა ერთმანეთს ბედნიერება, ხვავი და ბარაქა უსურვონ და… წყლით გაწუწონ.

მიიჩნევა, რომ რაც უფრო მალე და ძლიერად დასველდება ადამიანი, მით წარმატებული და ბედნიერი იქნება.

Gardex.ge წყლით გაწუწვას როგორ გაკადრებთ, მაგრამ სამაგიეროდ, ძალიან საჭირო რჩევას მოგცემთ:საზეიმო დღეებს Gardex-ის ბრენდის უმშვენიერესი ნაძვის ხეები გაგილამაზებთ.

  • მიკრონეზიელების ახალი წელი… ახალი სახელით

თუკი ისე მოხდა, რომ მშობლების მიერ შერჩეული სახელი არ მოგწონთ, მიკრონეზიის ტრადიციაზე, ალბათ, გული დაგწყდებათ. თუმცა, რა დროს გულისწყვეტაა, როცა ახალ წელსა და ნაძვის ხეებზე ვსაუბრობთ?!

თურმე, მიკრონეზიის ზოგიერთ კუნძულზე ასეთი საინტერესო ტრადიცია ჰქონიათ: 1-ელ იანვარს იქაურები ახალ სახელს ირჩევენ, რომელსაც ახლობლებს ყურში ჩასჩურჩულებენ და თან დოლს გამეტებით ურტყამენ, ხმაურობენ, რომ ახალი სახელი ბოროტმა სულებმა არ გაიგონ.

ამ უჩვეულო ტრადიციის გამო კურიოზებიც ბევრი ხდება. მაგალითად, ერთხელ ნახევარ კუნძულზე მთელი წელი ერთი და იგივე სახელი ერქვა: მაიკლ ჯექსონი…

– მიუხედავად იმისა, რომ ყველა ნაძვის ხეს ნაძვის ხე ჰქვია, მიკრონეზიელების შემთხვევისგან განსხვავებით, კურიოზული ამაში სულაც არაფერია: მართალია, Gardex.ge-ზე წარმოდგენილ 1.5, 1.8, 2.1 და 2.4 მეტრიან ნაძვის ხეს ერთნაირი სახელი აქვს, თუმცა, ისეთის შერჩევას, როგორიც თქვენ მოგეწონებათ, უპრობლემოდ მოახერხებთ.

  • ახალი წლის ღამის ნარჩენების წვიმა იტალიაში

იტალიაში მიაჩნიათ, რომ ახალი წლის დადგომის წინ აუცილებელია ძველი და გამოუსადეგარი ნივთებისგან გათავისუფლება. ახალი წლის ღამეს ტემპერამენტიანი იტალიელები ძველმანებს პირდაპირ ფანჯრებიდან ყრიან. ყოფილა დრო, როცა ძველი ავეჯის წვიმაში მოყოლაც შეიძლებოდა (მტრისას და ავისას!), ახლა კი როგორც წესი, მხოლოდ ქაღალდებსა და მცირე ზომის ნარჩენებს ყრიან.

– ესე იგი, ძველი თუა და ადამიანს არაფერში სჭირდება, კი უნდა მოიშოროს, თუმცა, ამის გაკეთება მთლად პირდაპირ ფანჯრიდან, ცოტა უხერხულია. ყოველ შემთხვევაში, Gardex.ge-ზე შეძენილი ნაძვის ხე ძალიან, ძალიან დიდხანს არ დაძველდება და შესაბამისად, არც გამოუსადეგარი გახდება.

  • ესპანელების წარმატების მარცვლები

მართლაც ძალიან საინტერესო ტრადიცია ჰქონიათ ესპანეთში: საახალწლო სუფრასთან შემომსხდარი თითოეული ადამიანისთვის ყურძნის 12 მარცვალი წინასწარ მზადდება. ესპანელებს სჯერათ, რომ თუკი თორმეტივე მარცვალს იქამდე შეჭამენ, ვიდრე საათი 12-ჯერ ჩამოჰკრავს, წარმატებული და იღბლიანი წელი ექნებათ.

– ყურძენი და ღვინო რომ გამორჩეულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რად უნდა ამას მსჯელობა და მით უმეტეს, მტკიცება?! ჰოდა, ბედნიერი წელი დაგდგომოდეთ 12 მარცვლითაც, უსარგებლო ნივთების გადაყრითაც, ახალი სახელის შერჩევითაც და Gardex.ge-ზე შეძენილი ნაძვის ხითაც.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ნავიგაცია