
ბავშვები, რომლებიც ახალი წლის მოახლოებისგან, საჩუქრების მიღებისა და თოვლის პაპა-ბაბუასთან შეხვედრის მოლოდინისგან მეცხრე ცაზე დაფრინავენ, დიდი ალბათობით, არც კი ფიქრობენ იმაზე, ვინ ან რატომ დადგა პირველი ნაძვის ხე? რატომ მაინცდამაინც ნაძვის ხე და არა, ვთქვათ, კარალიოკის? არც იმაზე ფიქრით შეიწუხებენ თავს, ალბათ, ჩვენს წელთაღრიცხვამდე მცხოვრებმა ქურუმებმა მორთეს პირველი ნაძვის ხე, შუა საუკუნეების განმანათლებლებმა, თუ – 21-ე საუკუნის ინფლუენსერებმა? ისე, ინფლუენსერების საკითხს თუ ჩავუღრმავდით, არ არის გამორიცხული, მათი „პროდაქტ პლეისმენტური“ ვიდეოები მოვიძიოთ კიდეც დაახლოებით მსგავსი სათაურებით: „nadzvis xe da meee – cheers“, „ჩემი ყველაზე ფუმფულაკი ნაძვის ხეეეეე“…
კარგით, ახლა ის დავუშვათ, რომ ბავშვს მაინც გაუჩნდა კითხვა, ვინ, სად, როდის, რატომ დადგა პირველი ნაძვის ხეები, პასუხი ხომ უნდა იცოდეთ? ერთი ეგ არის, თქვენთვის მისაღები ვერსიის შერჩევა უამრავი მითიდან თუ ლეგენდიდან მოგიწევთ, რომლებზეც, არ დაგზარდებით და ქვემოთ მოგიყვებით, პლუს, სხვა საინტერესო ამბებსაც გაგაცნობთ.
– ნაძვის ხეები მე-16 საუკუნიდან ირთვება?
დაზუსტებით თქმა რთულია, აკი გითხარით, სასურველი ვერსია თავადვე უნდა შეარჩიოთ, მაგრამ ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიის თანახმად, ნაძვის ხე პირველად გერმანელმა თეოლოგმა და ეკლესიის რეფორმატორმა, მარტინ ლუთერმა მორთო. იმასაც ამბობენ, ეს ამბავი მაშინდელ ევროპაში იმდენად მოეწონათ, რომ მალევე აიტაცეს და შობა-ახალ წელს ნაძვის ხის მორთვის გარეშე აღარ ხვდებოდნენო.
– თავდაპირველად საახალწლო ნაძვის ხეს ხილით რთავდნენ?
პრინციპში, იმდენად შორეული ფესვები აქვს ნაძვის ხეს, გირლანდები და ბრჭყვიალა სათამაშოები რომ არ ექნებოდათ, რა რთული მისახვედრიც ეს არის. მოკლედ, ზოგიერთ წყაროში ვკითხულობთ, რომ უმთავრესად, ნაძვის ხე ვაშლით ირთვებოდა, თუმცა, იყენებდნენ თხილეულს და იშვიათად – ტკბილეულს, რომელსაც ბავშვები, რაღა თქმა უნდა, მალევე ავლებდნენ მუსრს, განსაკუთრებით – ტკბილეულისკენ უწევდათ გულიო… ძალიან პოპულარული მოსართავი გახლდათ სანთელიც.
– ნაძვის ხე vs ლიმონის ხე
არა, ლიმონის ხე ნაძვის ხის კონკურენტი ნამდვილად არასოდეს ყოფილა, უფრო პირიქით. დიახ, დიახ, სწორედ ნაძვია ლიმონის კონკურენტი და აი, როგორ: ახალგაზრდა ნაძვის წიწვებში იმაზე მეტი ცე-ვიტამინი ყოფილა, ვიდრე – ლიმონში.
– ქრისტეს ხე
ნაძვის ხეს გერმანიაში დღესაც ბევრი ქრისტეს ხეს ეძახის – Christbaum-ს.
– ნაძვის ხის ყველაზე საშიში მოსართავი
როგორც გითხარით, ძველ დროში ნაძვის ხის ერთ-ერთი პოპულარული მოსართავი სანთელი გახლდათ, რის გამოც, სამწუხაროდ, არაერთი მძიმე ამბავიც მოხდა, თუმცა, ახლა ამაზე საუბრით გულს არ დაგიმძიმებთ.
– ნაძვის ხე შორეულ წარსულში
შორეულ წარსულში, მარადმწვანე ნაძვის ხეს, იქამდე ბევრად ადრე, ვიდრე შობა-ახალ წელს სამუდამოდ დაუკავშირდებოდა, მრავალი ხალხის კულტურაში უდიდესი ადგილი ეკავა. მის შესახებ ცნობებს ვხვდებით ეგვიპტის უძველეს ცივილიზაციაშიც. ასევე, ძველ საბერძნეთში ნაძვი იმედის წმინდა ხედ იყო მიჩნეული. ზოგი იმასაც კი ამბობს, რომ ტროას ცხენი სწორედ ნაძვის ხისგან ააგეს.
– პირველი ხელოვნური ნაძვის ხე
ამ მხრივ პირველობა ამერიკელებს ეკუთვნით, რომლებმაც პირველი ხელოვნური ნაძვის ხე 1930 წელს შექმნეს.
მართალია, ამის შესახებ ადრე ვრცლად უკვე მოგიყევით, მაგრამ კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებით შეგახსენებთ, რომ სწორედ ამერიკაში დაიწყეს პირველი საახალწლო განათების წარმოება, რაც წარმოშობით ქართველი გამომგონებლისა და ბიზნესმენის, ჯორჯ კობის, იმავე გრიგოლ კობახიძის სახელს უკავშირდება.
სხვათა შორის, ხელოვნური ნაძვის ხის შექმნის მცდელობა გაცილებით ადრე ევროპელებსაც ჰქონდათ, იმ განსხვავებით, რომ მთავარი საახალწლო ატრიბუტი, გაგიკვირდებათ და… ბატის ბუმბულის გამოყენებით იქმნებოდა.
კი, ბუნებრივი ნაძვის ხე ძალიან ლამაზია, თუმცა, დღეს უკვე იმდენად მშვენიერი და მიმზიდველი ხელოვნური ნაძვის ხეების შეძენა შეიძლება, დაგვეთანხმებით, ბევრად გონივრულია, არჩევანი სწორედ ხელოვნურზე შევაჩეროთ. Gardex.ge-ზე თქვენთვის სასურველ ნებისმიერი ზომის, ფერისა თუ ღირებულების ნაძვის ხის ნახვა შეგიძლიათ, რითაც გარემოს ხომ გაუფრთხილდებით და ბიუჯეტსაც დაზოგავთ – ბუნებრივის შეძენა ხომ ყოველწლიურად მოგიწევთ.



