
კარლსონის დროსაც რომ ყოფილიყო ისეთი ბაღის ავეჯი, ახლა რომ არის ხელმისაწვდომი, სახურავზე კი არ იცხოვრებდა, ბევრად უკეთეს ადგილს შეარჩევდა, თან გემრიელადაც მოაწყობდა იქურობას და გაუთავებელ ტრაბახსაც მოჰყვებოდა: „მსოფლიოში უბადლო ბაღის ავეჯის მფლობელი ვარო“…
პრინციპში, კარლსონის დრო ყოველთვის იქნება, ისევე, როგორც მსოფლიოში უბადლო ბაღის ავეჯის, რომლის შერჩევის უბადლო ნიუანსებს ქვემოთ მოგახსენებთ და არც რჩევებს დავიშურებთ.
დავიწყოთ იმით, რომ აგარაკი ადამიანს მხოლოდ ხილისა და ბოსტნეულის მოყვანისთვის ნამდვილად არ სჭირდება. ეს არის ქალაქგარეთ მდებარე ადგილი, სადაც სრულყოფილად დასვენება და მოდუნება უნდა შეიძლებოდეს.
ისიც ვთქვათ, რომ ძალიან რთულია კომფორტული დასვენება 5 სამუშაო დღის ან 5 საათის მანძილზე მიწიდან კარტოფილის ჩიჩქვნის შემდეგ, თუკი აგარაკზე შესაფერისი ავეჯი არ იქნა. ესეც რომ არ იყოს, გარე ავეჯი მომნუსხველი დიზაინის აუცილებელი ატრიბუტია. იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გამოვიდეს, აუცილებელია, ეზოს ავეჯი სწორად შევარჩიოთ.
მაშ, მივყვეთ და გავიგოთ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ აგარაკისთვის შესაფერისი გარე ავეჯი შევიძინოთ.
ზედმეტი რომ არ მოგვივიდეს…
აბა, კარგად დაფიქრდით და გაიხსენეთ, რამდენჯერ გქონიათ შემთხვევა, როცა გიყიდიათ რაღაც ნივთი, მიგიტანიათ სახლში და ერთხელაც არ გამოგიყენებიათ? თუკი მსგავსი პრაქტიკა თქვენთვის უცხო არ არის, შევთანხმდეთ, რომ უმჯობესია, აღარ გავიმეოროთ და ზედმეტი რომ არ მოგვივიდეს, ყველაფერი კარგად ავწონ-დავწონოთ.
თუკი ამაზე შევთანხმდით, ახლა ბაღის ავეჯის ყველაზე პოპულარული საგნები ჩამოვთვალოთ, რომელთაც Gardex.ge-ზე ძალიან მარტივად შეარჩევთ და შეიძენთ:
- მაგიდა კომფორტული სკამებით ერთობლივი საუზმე-სადილ-ვახშმებისთვის სუფთა ჰაერზე;
- ქუჩის სავარძელი და დივანი ფუმფულა ბალიშებით. მიუჩინეთ ადგილი ჩრდილში, წაიკითხეთ საყვარელი წიგნი (თუნდაც კარლსონი), დატკბით სიმშვიდით და არ დაგავიწყდეთ, რომ ბალიშები სავარძელ-დივანს აუცილებლად მარტივად უნდა ეხსნებოდეს, რომ თუ უეცრად წვიმა წამოვიდა, სახლში შეტანა მოასწროთ;
- შეზლონგი, რომელზეც წამოწვებით, მზეს მიეფიცხებით, გაირუჯებით, წიგნს წაიკითხავთ (კარლსონს თუ პაულო კოელიო გირჩევნიათ, რა პრობლემაა), თვალს მოატყუებთ და მოკლედ, მშვიდად მოდუნდებით;
- სარწეველა სავარძელი – ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის საყვარელი ნივთი, რომელიც კომფორტულად დასვენებაში ნამდვილად დაგეხმარებათ;
- ჰამაკი – დასვენებისთვის აუცილებელი კიდევ ერთი აუცილებელი ატრიბუტი;
- საქანელა – მხოლოდ უფროსებს როდი სჭირდებათ მოდუნება, დასვენება და მხიარულება? ეზოს ავეჯი პატარებისთვისაც უნდა გაითვალისწინოთ, თუმცა ზოგჯერ თავადაც თუ გაიხსენებთ ბავშვობას, ურიგო ნამდვილად არ იქნება.
ბაღის ავეჯი ერთი მნიშვნელოვანი თავისებურებითაც გამოირჩევა – მისი მუდმივად ღია ცის ქვეშ გამოყენება, სადაც ხან წვიმა იმძლავრებს ხოლმე, ხან მზე და არც ფრინველები და მწერები არიან უსაქმოდ, იმ აუცილებლობის წინაშე გვაყენებს, რომ არჩევანი მაქსიმალურად ხარისხიან ატრიბუტებზე შევაჩეროთ. ასევე, როგორც საქმეში ჩახედული ადამიანები გვირჩევენ, მიუხედავად იმისა, რომ ავეჯს ბაღის ან ეზოსი ჰქვია, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის ნებისმიერ პირობებს მოერგება. ამდენად, უნდა შეარჩიოთ ავეჯი, რომელიც სწორედ თქვენს კლიმატს მოერგება.
მასალა
ბაღის ავეჯი სხვადასხვა მასალისგან მზადდება და იმაზე, რა მასალა არის გამოყენებული, დამოკიდებულია არა მხოლოდ ინვეტნარის გარეგნობა, არამედ ექსპლოატაციის ვადაც. ბუნებრივია, განსხვავებულია მოვლის პირობებიც.
- ხე – ღია ცის ქვეშ განთავსებული ავეჯი ხშირად ხისგან არის დამზადებული. ეს არის ლამაზი და შესაბამისი მოვლის პირობებში, გამძლე მასალა. მთავარი მინუსი მომატებული მგრძნობელობაა ჰაერის ტენიანობისა და ნალექის მიმართ. ხის გარე ავეჯი ყოველწლიურად უნდა დამუშავდეს სპეციალური საშუალებებით. მაგალითად, უნდა გამოიყენოთ ანტისეპტიკური საჟღენთი, ნატურალური და სინთეტიკური ზეთი, საღებავი, ლაკი და ასე შემდეგ.
- როტანგი – ნატურალური როტანგი ეკოლოგიური, მსუბუქი და ლამაზი, მაგრამ ძვირფასი მასალაა. ამასთან ერთად, მალე იცვლის ფერს და ტენიანობაც მალე აზიანებს. სამაგიეროდ, ხელოვნური როტანგი პირიქით, ამინდს არ უფრთხის და ბევრად მარტივი მოსავლელია.
- ლითონი – გარე ავეჯის კარკასი ხშირად ლითონისგან მზადდება. თუკი გამოყენებულია ალუმინი, ავეჯი მსუბუქი და მობილურია. ერთი კია, ქართან გამკლავება ზედმეტად უჭირს. სკამებისა და საქანელების კარკასი, როგორც წესი, უჟანგავი ფოლადისგან არის დამზადებული და შესაბამისად, გამძლეა, მყარი და არც ჟანგის ეშინია.
- პლასტიკი – არც ისე ძვირფასი და საკმაოდ მიმზიდველი მასალა, რომლის მოვლაც ძალიან მარტივია. პლასტიკი ძალიან მჩატეა და მისთვის ადგილის შეცვლა იმდენჯერ შეგიძლიათ, რამდენჯერაც მოგესურვებათ.
- ქვა – ნატურალური ქვის ეკოლოგიურობასა და კლიმატთან გამკლავების უნარზე საუბარი, ალბათ, ზედმეტია. თუმცა, სანამ ქვის ავეჯს შეიძენთ, მისი განთავსების ადგილები გულდასმით უნდა განსაზღვროთ.