Gardex.ge – საკემპინგე აღჭურვილობის შეძენის საუკეთესო ონლაინსივრცე

Discovery Adventures - კარავი

მეგობრებთან ერთად სიმღერა და ცეკვა, ხეტიალი და პიკნიკი, კემპინგი და კოცონი – მაგარიააააა…

და ისიც ძალიან მაგარია, ახლა ამ სიტყვებს რომ კითხულობთ – საკემპინგე აღჭურვილობის შეძენის საუკეთესო ადგილი შეგირჩევიათ და იმიტომ!..

მზე ანათებს, ჩიტები ჭიკჭიკებენ, მდინარე ჩუხჩუხებს (ამ სიტყვების დაწერაცა და წაკითხვაც კი ზღვა ემოციებს იწვევს და უშუალოდ ასეთ ამბავში რომ ხარ… უუხ!..) – ზუსტად ის დროა, ასფალტ-ბეტონს გაერიდოთ და თავისუფლებით დატკბეთ, იმ გამორჩეული თავისუფლებით, მხოლოდ ბუნებას რომ შეუძლია, გაგრძნობინოთ.

ჩვენს უმშვენიერეს ქვეყანაში, საბედნიეროდ, უამრავი საკემპინგე ადგილი გვაქვს, სადაც სულიერადაც დაისვენებ, ფიზიკურადაც და ქალაქის სიგიჟეს ენერგიამოზღვავებული დაუბრუნდები, მაგრამ ისიც ხომ მნიშვნელოვანია, რა უნდა გაიყოლო თან, დასვენება მაქსიმალურად სრულყოფილი რომ იყოს? ჰოდა, სწორედ ამაზე უნდა მოგიყვეთ.

კარავი

კემპინგისთვის კარგი კარავი, რაღა თქმა უნდა, ყველაზე მთავარია. არასწორად შერჩეულ კარავს ძალიან მარტივად შეუძლია, ყველანაირი დადებითი ემოცია გააქროს და დასვენების დღეები ემოციურად გადაღლის დღეებად გადააქციოს.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება კარვის შერჩევისას

სანამ ხეტიალის მარშრუტს დაგეგმავთ, სანამ ზურგჩანთა საჭირო აღჭურვილობით შეივსება, შესაბამისი კარავი უნდა გქონდეთ შეძენილი.

როგორ უნდა შეარჩიოთ კარგი კარავი და რას მიაქციოთ ყურადღება, ქვემოთ ყველაზე ყურადსაღებ ფაქტორებს გაგიზიარებთ:

  • ტენტის წყალგამძლეობა. აქ ყველაფერი გასაგებია, რაც მეტი – მით უკეთესი. როგორი დიდიც არ უნდა იყოს კარავი, დამატებითი ტენტი ზედმეტი არასოდეს იქნება. მის ქვეშ შეიძლება, მაგალითად, საველე სამზარეულოს მოწყობა, აღჭურვილობის შენახვა და ასე შემდეგ;
  • შიდა კარვის სუნთქვადი მასალა – თხელი, ბადისებური ჩანართებით, რათა ჰაერი შიგნით ადვილად აღწევდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნორმალურად დაძინების შანსი, პრაქტიკულად, არ გექნებათ;
  • კარკასი – რაც უფრო მყარი იქნება, მით იმედიანად დახვდებით ქარიან ამინდს. პრინციპში, საკმარისია მყარი პლასტიკი, რომელიც სპეციალურად ექსტრემალური პირობებისთვის იქმნება. ზედმეტად ნუ გადაიღლით თავს მაინცდამაინც ლითონის კარკასის ძებნით;
  • სავენტილაციო ღიობები – სიცხეში მათ გააღებთ, სიცივეში – დახურავთ. მარტივი, მაგრამ ძალიან საჭირო დეტალია;
  • მწერებისგან დამცავი ბადე – აუცილებელი პირობაა. ამასთან, ბადე „კარისა“ და „ფანჯრებისგან“ დამოუკიდებლად უნდა იხსნებოდეს და იხურებოდეს.

დიდ წინდახედულობას გამოიჩენთ, თუკი კარავს პირველად მხოლოდ საკუთარი ძალებით გაშლით, რაც მთავარია, არა უშუალოდ კემპინგის ადგილზე, არამედ ბუნებაში გასვლამდე, რათა კონსტრუქციაში უკეთ გაერკვეთ და თუკი რამეს ვერ გაიგებთ, ზომები წინასწარ მიიღოთ. საერთოდ, კემპინგის კარავი შედარებით რთული დასადგმელია ზომების, კარკასის რკალების რაოდენობის, შიდა განლაგების გამო. ყურადღება მიაქციეთ ტენტის განლაგებასა და მდგომარეობას კარვის შიდა ნაწილთან მიმართებით – ეს ორი დეტალი ერთმანეთს არ უნდა ეხებოდეს, რათა კონდენსატი, რომელიც სველ ამინდში აუცილებლად გაჩნდება, შიდა სივრცეში არ მოხვდეს.

ტევადობა

კემპინგის კარავი 1-დან 6-8 ადამიანამდე იტევს. თუკი ამინდი მოლოდინებს არ გაგიმართლებთ, მთელი დღის გატარება, შესაძლოა, კარავში მოგიწიოთ. ამდენად, კარვის შერჩევისას ზუსტად უნდა გქონდეთ გათვალისწინებული, მაქსიმუმ რამდენ ადამიანთან ერთად მოგიწევთ ხოლმე ბუნებაში გასვლა.

წყვილს ბავშვების გარეშე, 1-ოთახიანი კარავიც აბსოლუტურად ეყოფა 2 საძილე ადგილით. თუკი ბუნებაში მეგობრებთან ერთად გადიხართ და თან ბავშვებიც მიგყავთ, უმჯობესია, 2-3 ოთახიანი ვარიანტები განიხილოთ, ადამიანების რაონოდებიდან გამომდინარე. ზოგიერთი კარვის ოთახი დროებითი ტიხრითაც შეიძლება გაყოთ, რაც მეტად მოსახერხებელია, რადგან სივრცეს საკუთარი შეხედულებისამებრ მოირგებთ.

იმ შემთხვევაშიც კი, თუკი კემპინგს ორი ადამიანი გეგმავს, არ იქნება ურიგო, 3-4 ადამიანზე გათვლილი კარავი გამოიყენოთ, თუ რა თქმა უნდა, ამის საშუალება გექნებათ – დიდ კარავში დასვენება გაცილებით კომფორტულია, თან ნივთებსაც თქვენს გემოზე განათავსებთ. იდეალურია, თუკი გასვლამდე კარავს „მოიზომებთ“: შეძვერით, წამოწექით, ჩამოჯექით, შეაფასეთ, რამდენად კომფორტულად იგრძნობთ თავს.

კარვის სიმაღლეზეც ვთქვათ – მინიმალური 110 სმ გახლავთ, მაქსიმალური – 210 სმ. ძალიან კომფორტულია, როცა კარავში გამართული სიარული ხერხდება და მოხრა არ არის საჭირო, რომ აღარაფერი ვთქვათ მუხლებით ხოხვაზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ნავიგაცია