
შეფი შვებულებაშია. მდივანს მესიჯი გაუგზავნა: „სამსახურში რამე კარგი ხდება?“. მდივანმა გულწრფელი პასუხი დაუბრუნა: „თქვენ არ ხართ“…
ისე, შვებულებაში რომ ხარ, შე კაი კაცო, დაანებე სამსახურზე ფიქრს თავი, დაისვენე, მოდუნდი, ძალები მოიკრიბე, არ ჯობია? თან იმდენი რამეა გარშემო – ატრაქციონები, აუზები, ცივი სასმელები, ცხელ-ცხელი გემრიელობები… ნუ, თუ ფეშენებელური სასტუმრო ვერ ხერხდება, გამოსავალი აქაც არის – კარკასული აუზები!..
რა ბედი ეწია მდივანს, რომელმაც შესაშური გულახდილობა გამოიჩინა, ზუსტ ინფორმაციას არ ვფლობთ. სამაგიეროდ, ზედმიწევნით ზუსტად შეგვიძლია იმაზე გესაუბროთ, როგორ მოუაროთ კარკასულ აუზს, რომელიც შვებულების შეგრძნებებით საკუთარ სახლში ყოველდღიურად გადაჯილდოებთ.
გადაჭარბებული ნათქვამი სულაც არ იქნება, თუკი ვიტყვით, რომ კერძო სახლების მფლობელები ძალიან ბედნიერები არიან, რადგან სხვა ყველაფერთან ერთად, ეზოში კარკასული აუზის განთავსების საშუალებაც აქვთ. ერთი კია, ეს ბედნიერება და სიამოვნება რომ არ დაიჩრდილოს და მუდმივი იყოს, აუზს სისტემატური მოვლა სჭირდება: გაწმენდა, გასუფთავება, წყლის დეზინფექცია.
ძალიან კარგია, თუკი აუზის სიახლოვეს ჭა ან ცენტრალური ქსელი იქნება, მაგრამ თუკი მისი შევსება ბუნებრივი რეზერვუარიდან ხდება, წყლის გაწმენდის საკითხს განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროება.
წყლის სისუფთავის შენარჩუნების მთავარი რეკომენდაციები
მოდით, იმით დავიწყოთ, რომ საეჭვო რჩევების გამცემ „სპეციალისტებს“ არ უნდა დავუჯეროთ და დრო არ დავხარჯოთ ისეთ რეკომენდატორებზე, რომლებიც თავს ქართულად წერითაც კი არ იწუხებენ. არ ღირს ისეთი რჩევების წაკითხვაც კი, რომელიც დაახლოებით ასე იწყება: auzebi chemi kaniokia, ან თუნდაც ასეთის: karkasuli auzebi da xelit naksovi xalichebi…
კარგით, ახლა უფრო სერიზოულად:
- საჭიროა ახლადაღებული წყლის დამუშავება ქლორის შემცველი ნარევით. დაქლორვა 8-12 საათი გრძელდება და ამ დროის მანძილზე ბანაობა არ შეიძლება. პროცედურისთვის თბილი დღის შერჩევაა აუცილებელი, რათა წყალი ცელსიუსით მინიმუმ 16 გრადუსამდე გათბეს. არ შეშფოთდეთ ქლორის სუნის გამო, ეს უსიამოვნება 3 საათში გაქრება, საჭიროა მხოლოდ დოზირების დაცვა, რაც ინსტრუქციაში იქნება მითითებული. აუზის მოვლის სპეციალური საშუალებების სახლში გამოყენება არანაირ ზიანს არ აყენებს ადამიანის ორგანიზმს;
- აუზის წყალმა ბუნებრივი თვისებები რომ არ დაკარგოს, აუცილებელია მუდმივი ცირკულაცია, რაც ტუმბოს მუშაობის ხარჯზე მიიღწევა. ტუმბო, როგორც წესი, კომპლექტში შედის, თუმცა, ცალკე შეძენაც შეიძლება;
- აუცილებელია წყლის მჟავიანობის დონის გაკონტროლება კვირაში ერთხელ მაინც. ნორმალური დონე 7-7,7 ერთეულია. მჟავიანობის გაზომვა ელექტრომოწყობილობით – Ph-მეტრით ხდება. ასევე, ლაკმუსის ქაღალდის ტესტით;
- კარგს იზამთ, თუკი აუზს ყოველდღე დაასუფთავებთ და მოაშორებთ ფოთლებს, ტოტებს, მწერებს, რისთვისაც ჩოგანბადე დაგჭირდებათ. ზოგადად, ჩოგანბადე ყოველთვის აუზთან ახლოს უნდა გქონდეთ და არა მხოლოდ დასუფთავებისთვის. არ არის გამორიცხული, წყალში ჩავარდნილი რამე ნივთის ამოღება დაგჭირდეთ;
- თუ კარკასულ აუზს დიდი მოცულობა აქვს, აუცილებელია გასაფილტრი ტუმბოს დაყენება. აუზის ინტენსიური გამოყენების შემთხვევაში, უმჯობესია მაღალი ხარისხის, უფრო ძვირიანი ტუმბო შეიძინოთ.

დაბინძურების მიზეზები
გარე აუზის მოვლა აუცილებელია ყოველდღე, რადგან მასში არსებული წყალი სწრაფად მწვანდება და მუქდება, უპირველეს ყოვლისა, მიკროორგანიზმების გამრავლების – ბაქტერიების, სპორების, სხვადასხვა სოკოების გამო. თვისებებს კარგავს წყალი, რომელიც ბუნებრივი რეზერვუარიდან მიიღეთ. ონკანის წყალი, როგორც წესი, ქლორირებულია, ხოლო ჭის წყალი თავისთავად სუფთაა. თუმცა, ასეთი წყალიც სისუფთავეს სამუდამოდ ვერ შეინარჩუნებს – მტვრის გამო ხელსაყრელი გარემო იქმნება სხვადასხვა ბიოლოგიური ორგანიზმების გაჩენა-გამრავლებისთვის.
რა თქმა უნდა, აუზი მხოლოდ მტვრით არ ბინძურდება, ამას ადამიანებიც წარმატებით ახერხებენ, მაგალითად, ჭუჭყიანი ფეხებითა და კოსმეტიკით. აუზში ჩასვლამდეც და მერეც აუცილებელია შხაპის მიღება, ხოლო საუკეთესო გადაწყვეტილებაა უშუალოდ აუზთან პატარა ონკანის განთავსება, რომლითაც ფეხებისა და ხელების დაბანა იქნება შესაძლებელი.
მღვრიე აუზში ბანაობა არ ღირს. ასეთ წყალში არსებულ ბაქტერიებს კანის გაღიზიანება ან კუჭ-ნაწლავის პრობლემების გაჩენა შეუძლიათ.
მიკროორგანიზმები დაბინძურებულ წყალში უფრო სწრაფად ჩნდებიან, ამიტომ ოდნავ ამღვრეული წყალიც კი სულ რამდენიმე დღეში დაბინძურდება, უსიამოვნო სუნს შეიძენს და ცურვისთვის გამოუსადეგარი გახდება.
დასუფთავების პროცესი
კარკასული აუზის მოვლა ორ ნაწილად იყოფა: რეზერვუარის გასუფთავება და წყლის გაწმენდა. ორივეს თავისი მეთოდები აქვს, ტექნიკური და ქიმიური საშუალებები.
- მექანიკური საშუალება
დიდი რაოდენობით ნარჩენების მოშორებას ფიზიკური მეთოდი ეწოდება და ისიც ორ ნაწილად არის გაყოფილი: წყლის ფილტრაცია და ზედმეტი ნარჩენებისგან გაწმენდა. ამ მიზნით სხვადასხვა ინსტრუმენტი გამოიყენება. კერძოდ:
√ ჩოგანბადე – ჩოგანბადე საშუალებას იძლევა, აუზს მოაშოროთ ფოთლები, ტოტები, მწერები. შესაძლებელია შემთხვევით ჩაცვენილი საყოფაცხოვრები ნივთების ამოღებაც.
რეკომენდებულია ორი ჩოგანბადეს ქონა: დიდისა და პატარის.
√ სკიმერი – სკიმერი წყლის შემწოვი მოწყობილობა გახლავთ, რომელიც წყლის ფილტრაციის სისტემაშია ჩართული. მისი წყალობით ჩოგანბადე ისე ხშირად აღარც დაგჭრდებათ, რადგან მოწყობილობა ნარჩენებისგან წყალს ავტომატურად ასუფთავებს.
რასაკვირველია, ჩოგანბადე და სკიმერი აუზის მფლობელებს ძალიან სჭირდებათ, მაგრამ ამით ყველაფერი როდი სრულდება – აღნიშნული საშუალებებით, სამწუხაროდ, მიკროსკოპიულ ნარჩენებს ვერ მოერევით. ამისთვის შემდეგი ტიპის ფილტრები გამოიყენება: დიატომიტი, ქვიშის, კარტრიჯული.
√ დიატომიტი – მართალია, სხვა საშუალებებთან შედარებით, ასეთი ფილტრი შედარებით ძვირია, მაგრამ წყლის მიკროორგანიზმებთან ბრძოლაში ნამდვილად უაღრესად ეფექტიანია.
√ ქვიშის – ქვიშის ფილტრებს თავისებური ეფექტი აქვს. კერძოდ, თუ ვერ ერევიან მიკროორგანიზმებს, წარმატებით აკავებენ წვრილ ნაწილაკებს 10 მიკროდან.
√ კარტრიჯული – როგორც სახელიდანაც მიხვდებოდით, ფილტრში საწმენდი ელემენტების ფუნქციას კარტრიჯი ასრულებს.
ფილტრის კორპუსს ცილინდრის ფორმა აქვს, რომელშიც იმავე ფორმის კარტრიჯი თავსდება. ერთ ფილტრში 1-6 კარტრიჯის მოთავსება შეიძლება და თითოეულს 3 მიკრონამდე ზომის ნაწილაკების შეკავება შეუძლია.
ქიმიური მეთოდები
ქიმიური ნაერთებით წყლის გაწმენდა ისეთი პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ, როგორიცაა ბაქტერიების განადგურება, სოკოების, ობისა და წყალმცენარეების მოშორება. პრეპარატები ფხვნილების, გრანულების, აბების, თხევადი ნარევების სახით იყიდება.
√ ქლორირება- ქლორი ყველა მიკროსკოპულ ცოცხალ ორგანიზმს ერევა, ხოლო ოდნავ უფრო დიდი დოზით, მწერებსა და ამფიბიებსაც უმკლავდება. ადამიანის ჯანმრთელობაც რომ არ დაზიანდეს, ინსტრუქციებში მითითებული დოზირების წესების დაცვა ზედმიწევნით უნდა მოხდეს.
√ ბრომირება – წყალში ბრომის დამატება არ ცვლის Ph დონეს და არ მოქმედებს სიხისტეზე. ბრომის შემცველი პრეპარატი არ აღიზიანებს ლორწოვან გარსებს და არ იწვევს ალერგიას, ამიტომაც წარმატებით გამოიყენება წყლის დიდი მოცულობის შემთხვევებში.
√ ჟანგბადით გაჯერება – აქტიური ჟანგბადი წყლის ხარისხს აუმჯობესებს. სინამდვილეში, ეს არის წყალბადის ზეჟანგი, რომელიც აუზების სპეციალურ პრეპარატებშია დამატებული. წყალში ნაერთის დამატება აქტიურ ჟანგბადს გამოყოფს, რომელიც წყალს პათოგენური ბაქტერიებისგან ასუფთავებს და მის დეზინფიცირებას ახდენს. გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევაშიც, დოზირების წესების დაცვა უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან:
- აქტიური ჟანგბადის ხანგრძლივი გამოყენება ზრდის ადამიანისთვის საშიში მიკროორგანიზმების კონცენტრაციას. ყველაზე დიდ გავლენას კანზე ახდენს;
- აქტიურ ჟანგბადში ფორმალდეგიდებს ვხვდებით, ნივთიერებას, რომლის ჭარბი რაოდენობა ადამიანის ჯანმრთელობას აზიანებს;
- აუზში აქტიური ჟანგბადის გამოყენების შემდეგ, ბანაობა მინიმუმ 3 საათის განმავლობაში არ შეიძლება.
√ დეზინფექცია – წყალში სოკოებისა და ხავსის გაჩენის თავიდან ასაცილებლად ალგიციდები მოიხმარება. ალგიციდის საფუძველზე დამზადებული პრერატატი პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენება და არა წარმონაქმნების მოსაცილებლად. ასევე, წყლის დეზინფიცირება ხდება ულტრაიისფერი ლამპებითაც.
√ ოზონირება – ოზონატორი წყალს იმდენად ასუფთავებს, რომ მისი დალევა შეიძლება. პრეპარატი წყლის მჟავიანობის მაჩვენებელს ამაღლებს, ოზონითა და ჟანგბადით ამდიდრებს. ასეთ წყალში, როგორც წესი, ბაქტერიები ვერ მრავლდებიან. ოზონირების შემდეგ წყალს ჯანსაღი სურნელი აქვს, ძალიან სასიამოვნოა მასში ცურვა;
√ იონიზაცია – ვერცხლისა და სპილენძის იონები მიკროორგანიზმების უმეტეს სახეობას უმკლავდება. აუზების იონიზატორი ელექტროენერგიაზე მუშაობს. ერთ მოწყობილობას 6-10 მ3 მოცულობის წყლის გაწმენდა შეუძლია.
ეპილოგი
დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ, თქვენი კარკასული აუზის მოვლას წარმატებით მოახერხებთ. რჩევების გარდა კი Gardex.ge გაძლევთ საშუალებას, მსოფლიოში აღიარებული Intex-ის, Sunclub-ისა და Avenli-ს ნაწარმიდან სასურველი მოდელი მარტივად შეარჩიოთ და შეიძინოთ.